ვიდეოთამაშს Civilization თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 12:54

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი თამარ მეფე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს საქართველოს გამორჩეული მეფის როლის მორგება შეეძლება. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

თამაშის შემქმნელებმა თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დამატებისას ფაქტობრივად ყველა დეტალი გაითვალისწინეს.თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა, თამარ მეფე კი ქართულად ლაპარაკობს.

„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით“, - ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშის ინტროში.

Civilization 1991 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც სტრატეგიების ჟანრს მიეკუთვნება. თამაშის მთავარი მიზანია მოთამაშემ შექმნას იმპერია, რომელიც დროს გაუძლებს. იმპერიების შექმნა ქრისტეშობამდე 4000 წლით ადრე იწყება და ჯერ კიდევ არ არსებულ რეალობამდე გრძელდება. Civilization VI: Rise and Fall-ის ახალი ექსპანსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.

ტეგები