პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 15:42
პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ზურაბ იდოიძე 9 იანვარს დააკავა. უწყების ცნობით, იდოიძემ აჰმედ ჩატაევი თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე - კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, საიდანაც ჩატაევი საქართველოში შემოვიდა.

მანამდე კი, 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.  ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

ტეგები