მარიამ ჯაში ავრაზიის უნივერსიტეტის დამუძნებელს შეხვდა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 18:44 · 29 ნახვა
მარიამ ჯაში ავრაზიის უნივერსიტეტის დამუძნებელს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დეპუტატი არჩილ ხაბაძეთურქეთის ქალაქ ტრაბზონის ყოფილ მერს, ავრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ომერ ილდიზს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან მჟავანაძე.
 
ავრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა, სადაც ამჟამად 10 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი, განათლების ინვესტირების გარდა, ახალგაზრდა თაობის მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრიც არის.
 
ომერ ილდიზმა მასპინძლებს, ასევე, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა გააცნო, რომელიც 5 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
 
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის დაფუძნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესები“, - აღნიშნა ომერ ილდიზმა.
 
მარიამ ჯაშის მოსაზრებით, ეს იდეა მისასალმებელია. „რადგან მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, მათ შორის, განათლების ინტერნაციონალიზაცია. დღეისთვის საქართველოში 10 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს და ბათუმი გახდეს ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი ამ მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

ტეგები