თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე საჯარო მოსამსახურეს კი გაყინვისათვის სწირავ - ქუცნაშვილი
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 10:43 · 408 ნახვა
თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე საჯარო მოსამსახურეს კი გაყინვისათვის სწირავ - ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა,  მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია.

ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდებოდეს.

„ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმის ბავშვთან ან მისი ოჯახის სხვა წევრთან გასასინჯად მისასვლელად და ასევე, ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება.

აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“, – წერს ქუცნაშვილი Facebook-ის გვერდზე.

ტეგები