ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს - კობახიძე
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2018 16:41 · 17 ნახვა
ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მოხმარების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან საპატრიარქოს შენიშვნები აქვს. საქართველოს საპატრიარქომ შესაბამისი განცხადება გუშინ გაავრცელა.

დღეს, მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.

საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

 

ტეგები