აშშ აზერბაიჯანის მთავრობას აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2018 10:33 · 23 ნახვა
აშშ აზერბაიჯანის მთავრობას აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხტარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, მას კონტრაბანდისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ბრალდებას ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხტარლი. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხტარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხტარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. 

ტეგები