მუხტარლის საქმეზე გამოძიებასთან შეკითხვები არსებობს - ვოლსკი
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2018 18:00 · 33 ნახვა
მუხტარლის საქმეზე გამოძიებასთან შეკითხვები არსებობს - ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიებასთან შეკითხვები აქვს. ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიებაში ჩახედული პირები  მეტ განმარტებას გააკეთებენ საქართველოდან მუხტარლის გაუჩინარებაზე.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ მუხტარლის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" არ უნდა დაეკისროს.

"ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა, არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხტარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ", - თქვა ვოლსკიმ და დასძინა, რომ აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მუხტარლიზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეს „აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო 11 ოქტომბერს დატოვა. 31 დეკემბერს აფგან მუხტარლის და და დისშვილები, აზერბაიჯანულ ქალაქ ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

ტეგები