ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 17:16 · 17 ნახვა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. შეხვედრები 15-17 იანვარს გაიმართება და მასში კანონმდებლებთან ერთად, სსიპ. კონკურენციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ  მონაწილეობას.

მომხმარებლის უფლებების დარგში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესასრულებლად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის დახმარებით, TAIEX პროგრამის ფარგლებში,  პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მრჩეველი მაკიეი ჩაპლინსკი და დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სასექსის რეგიონის საბჭოს ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ექსპერტი მომხმარებლის უფლებების დარგში რიჩარდ სარგენტი მოიწვია, რათა პროექტის დებულებებზე შეჯერება და მათი ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს. 

15 იანვარს შეხვედრაზე გაიმართა კომიტეტის მიერ მომზადებული და გადამუშავებული კანონპროექტის განხილვა, მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შედარება და ევროკავშირის სავალდებულო დირექტივებთან შესაბამისობის ანალიზი. მოწვეულმა ექსპერტებმა კომიტეტის წევრებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს და  ამ დარგში აღსრულების ეფექტურ მექანიზმებზე იმსჯელეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტი და  მისგან გამომდინარე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი", "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი" და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მოამზადა. კანონპროექტებით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისთვის, შემუშავდა რიგი ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების პირობებისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება, მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მედიაციის ინსტიტუტის შექმნა ასევე, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა.

გასული წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, ეკონომიკის სამინისტროსთან და კონკურენციის სააგენტოსთან კონსულტაციების საფუძველზე კანონპროექტის პირველადი ვერსია მნიშვნელოვნად გადაამუშავა, რათა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან სრულ შესაბამისობაში მოსულიყო.

ტეგები