„ჭაღარა მითო, გამოგვეხმაურე და მოდი, თქვი სიმართლე“ - გურამ დონაძე
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 17:59 · 533 ნახვა
„ჭაღარა მითო, გამოგვეხმაურე და მოდი, თქვი სიმართლე“ - გურამ დონაძე

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება. დაწყებამდე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა პროცესზე, სადაც ბრალდების მხარემ ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაშალეიშვილი დაკითხა, ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ცრუ პატაკის დაწერა ვიღაც ჭაღარა კაცმა აიძულა.

”ბრალდების მხარის მიერ თითქმის 80 ადამიანია წარმოდგენილი. ყველა მათგანი თავის ჩვენებაში ამბობენ, რომ ჭაღარა, ულვაშებიანი, მითიური ადამიანი არის, რომელმაც თითოეული პატრული გააფრთხილა და უთხრა, ჩვენ მოვკალით ადამიანი, იარაღები უნდა მოვიტანოთ, და ასე უნდა დაწეროთო. წარმოგიდგენიათ 80 მოწმეს, ეს მითიური ადამიანი უჯდებოდა მანქანაში და მინიმუმ 10 წუთი და არწმუნებდა, რომ სიყალბე ჩაედინათ და იარაღები მოეტანათ. თუ ვინმე ასეთი მართლა არსებობს, მოვიდეს და თქვას, მე ვარ ეს ჭაღარა, ულვაშებიანი, იარაღების მოტანა მე დავავალე. ამ ყველაფერში ჩავრთე მიქაძე, დონაძე და სხვა ბრალდებულებიო. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ იქ არავის არაფერი მიუტანია და ასეთ ჭაღარაზე აქვს დღევანდელი ბრალდება აწყობილი. ბაშალეიშვილი, რომელიც საქმის უშუალო მონაწილეა, ისიც ამბობს, რომ ვიღაც ჭაღარა ჩაუჯდა მანქანაში. 15 საათის განმავლობაში ვინმე ჭაღარა 80 ადამიანთან მანქანიდან მანქანაში დადიოდა. ამის ამსახველი არც ფირი არსებობს და არც მოწმე. ჭაღარა მითო, გამოგვეხმაურე და მოდი, თქვი სიმართლე, უთხარი სიმართლე ოჯახს, მაგრამ ასეთი ადამიანი არ არსებობს”, - აცხადებს დონაძე.

მისი თქმით, ის მსჯავრდებულ ყოფილ პატრულ-ინსპექტორ გიორგი ბაშალეიშვილს არ იცნობს, არც იცნობდა და არც პროცესუალურ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ”ბატონმა ოქრუაშვილმა დამირეკა, მიდი რა ხდებაო, მივედი, ვნახე, მოვუყევი ტელეფონზე. ეს ანძებით დაფიქსირებულია გამავალ ზარებში. ის საქმის კურსში ჩავაყენე და შემთხვევის ადგილიდან წამოვედი. აქ დაიწყო და დასრულდა ჩემი მოქმედებები”, - აღშნა გურამ დონაძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, მსჯავრდებულმა პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბაშალეიშვილმა ჩვენება შეცვალა. გიორგი ბაშალეიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. მან განაცხადა, რომ ჩხრეკისას დაკავებულებისთვის იარაღი არ აღმოუჩენია. იარაღის გავარდნიდან რაღაც დროის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე იარაღი დაინახა. ცრუ პატაკი კი ჭაღარა კაცმა დააწერინა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მის ამ ჩვენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ის დარბაზიდან გაიყვანეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

 


წყარო

ტეგები