ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს - თამარ ხულორდავა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 21:40 · 51 ნახვა
ლატვიის მხრიდან  სრული მხარდაჭერა გვაქვს - თამარ ხულორდავა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით,  საქართველოს ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

აღნიშნული განცხადება თამარ ხულორდავამ ლატვიაში გააკეთა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად  ვიზიტით იმყოფება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ლატვია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ძალიან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ასეთი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც დაეხმარება და აქტიურად ეხმარება საქართველოს ამ იდეის ლობირებაში სხვა დედაქალაქებთანაც. ამ საკითხებზეც, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად, გამახვილდა ყურადღება გამართულ შეხვედრებზე.

გამოვყოფდი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით თანამშრომლობა. მისი მხრიდან ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების ორმხრივ მნიშვნელობას. მან გამოთქვა ინტერესი საქართველოს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით,  ლატვიის მხრიდან  სრული მხარდაჭერა გვაქვს“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.  ​

ტეგები