ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით - ეკა ბესელია
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2018 21:42 · 22 ნახვა
ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით - ეკა ბესელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შეხვედრები, რომლებსაც ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობას აძლიერებს.

აღნიშნული განცხადება ეკა ბესელიამ ლატვიაში გააკეთა, სადაც, ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვიზიტის პირველი დღე ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და განაცხადა, რომ ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე, სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში გაძლიერდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მნიშვნელობა. გადაწყვეტილებების სიმრავლე, მიმართვიანობის მაღალი რაოდენობა ადასტურებს სასამართლოსადმი ნდობას და ამ თემაზე გვქონდა საინტერესო გაცვლა ინფორმაციების, ასევე, გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსა და ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის თაობაზე“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ტეგები