ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2018 15:01
ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქი სამართალდამცველებმა გახსნეს. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაიყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს. ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით",- აცხადებენ შსს-ში.

ხაშურში ორი მოზარდი 15 იანვარს დაჭრეს. 

ტეგები