კუს ტბაზე მეეზოვემ ცოცხი დადო და ვარჯიში დაიწყო, 25 წლის ბიჭმა კი აიღო ცოცხი და დაგვა დაიწყო - ჩანადირი
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 13:50
კუს ტბაზე მეეზოვემ ცოცხი დადო და ვარჯიში დაიწყო, 25 წლის ბიჭმა კი აიღო ცოცხი და დაგვა დაიწყო - ჩანადირი

“აქ ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს“, – ამ რეპლიკას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალური ქსელის გვერდზე წერს და კუს ტბაზე მომხდარს იხსენებს.

”ციოდა კუს ტბაზე. ყველა, ვინც დარბოდა, თბილად იყო შეფუთნული.

დილის 8 საათი იქნებოდა. დღის სინათლე ახალი შემოპარული იყო.

თურინჯისფერ სამოსში გამოწყობილი მეეზოვე გულმოდგინედ ჰგვიდა.

სავარჯიშო მოედანს, სადაც რკინის დანადგარები იდგა, ცოცხითა და ნაგვის პატარა ყუთიდ მიადგა. 

ალმაცერად გახედა. მიდამო მოათვალიერა. ფოთლები შენიშნა, აქაიქ ნაგავიც ეყარა. ცოცხი წამოუსვა, მერე ძირს დადო და სავარჯიშო რკინებს ხელები მოჭიდა. ქურთუკი გადაკიდა და ვარჯიში დაიწყო.

დაინახა ეს სპორტულებში გამოწყობილმა ბიჭმა, ასე, 25 წლისამ, აიღო ცოცხი და დაგვა დაიწყო.

გართულმა მეეზოვემ ვერაფერი შეამჩნია, ბიჭმა კი იქაურობა დაასუფთავა. მერე ცოცხი ძველ ადგილას დადო და ძუნძული განაგრძო.

#თბილისი

აქ ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს”, – წერს ჩანადირი.

ტეგები