არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 16:16 · 21 ნახვა
 არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო (უფროსი სერჟანტის) კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 

სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო (უფროსი სერჟანტის) კურსი შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ორმოცდათერთმეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. 

სასწავლო პროგრამა კურსანტების ასეულისა და ბატალიონის შტაბის სერჟანტების დონეზე მომზადებას ითვალისწინებდა. ოცი კვირის განმავლობაში სერჟანტებმა თავდასხმითი და თავდაცვითი ოპერაციები, ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, ფიზიკური მომზადება, ლოგისტიკა, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები შეისწავლეს. მსმენელებმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მომზადება გაიარეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები განიმტკიცეს.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

ტეგები