თითქოს მინდორში დაგდებული მძორი იყოს, ისე ესევიან სვავებივით – მეტრეველი
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2018 18:09 · 678 ნახვა
თითქოს მინდორში დაგდებული მძორი იყოს, ისე ესევიან სვავებივით – მეტრეველი

“ხომ შეიძლება ასეთ დროს წამით მაინც დავფიქრდეთ, იქნებ არაა ცუდი კაცი, იქნებ, არასწორად გაუვრცელეს, იქნებ წამოცდა და ასე არ ფიქრობს, იქნებ ჯერ კარგად მოვუსმინოთ“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

”ეს ფეისბუქი ადამიანების დაბულინგების და კოლექტიური ჩაქოლვის ადგილად იქცა. ოღონდ, ვინმემ რაღაც ისე არ თქვას, ეგრევე სვავებივით მიესევით და გაძიძგნით, თითქოს მინდორში დაგდებული მძორი იყოს და არა ცოცხალი ადამიანი. თან არც ეცდებით გაარკვიოთ, რამე არასწორად ხომ არ გავრცელდა, ან რა კონტექსტში თქვა, საკმარისია სათაურის წაკითხვა, რომ ერთმანეთს მის ჩქოლვას ასწრებდეთ. თქვენს გარდა ხომ ყველა სულელია, ან ნაძირალა და იტყოდა სისულელეს, ან ნაძირლობას, აბა, რას იზამდა! რა არის აქ საეჭვო და გადასამოწმებელი! როგორ შეიძლება თქვენთვის უცნობ, ან თითქმის უცნობ ადამიანში ჯერ დადებითი საწყისი ეძებოთ და მერე უარყოფითი! როგორ შეიძლება ერთი წუთით დაუშვათ, რომ იქნებ, კარგი ადამიანია!. არა, თავიდანვე დარწმუნებული ხართ, რომ ნაძირალაა, ან იდიოტი და მასზე ყველაფერი ცუდი მართალი იქნება. რა სააჭიროა დაეჭვება და იმის გარკვევა, რას გულისხმობდა! აბა, რამე კარგი გავრცელდეს, თუ ეგრევე ეჭვი არ შეგიპყრობთ და დაიწებთ ფიქრს, რატომ გააკეთა კარგი, რაღაც გამორჩენას ხომ არ ელოდება? რა დგას ამის უკან? მესმის, რომ ცხოვრებაა ასეთი, ბვერი ნაძირალაცაა და ადამინისადმი ნდობა აღარ გვაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ასეთ დროს წამით მაინც დავფიქრდეთ, იქნებ არაა ცუდი კაცი, იქნებ, არასწორად გაუვრცელეს, იქნებ წამოცდა და ასე არ ფიქრობს, იქნებ ჯერ კარგად მოვუსმინოთ. რა უბედურებაა, ეს პირდაპირ ჩაქოლვა და უშვერი სიტყვებით ადამიანის მიწასთან გასწორება! 

P. S. დავით ჭიჭინაძის განცხადების ირგვლივ ატეხილი ამბები გახდა ამ პოსტის ინსპირაცია, თუმცა პირადად მას არც ვიცნობ და არც ის ვიცი, როგორი ადამიანია. უბრაოდ, ეს ხომ პიეველი შემთხვევა არაა, ამიტომ ისე ნუ გაიგებთ, რომ ეს პოსტი მის გამო დავწერე. უბრალოდ, დღეს ის იყო პროგრამაში”, – წერს მერაბ მეტრეველი. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ უპასუხა.

„სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, რა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მოგვიანებით დავით ჭიჭინაძემ განმარტა, რომ მისი განცხადება სინმადვილეში გლეხების დასაცავად იყო გამიზნული. მისი განმარტებით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა და არა ზოგად განათლებაზე. დეპუტატი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი განცხადება ცუდად მიიღო.

ტეგები