კითხვები მოითხოვს პასუხს - ნინო გვენეტაძე კლუბ "ბასიანის" საქმეზე
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 12:56 · 126 ნახვა
კითხვები მოითხოვს პასუხს - ნინო გვენეტაძე კლუბ "ბასიანის" საქმეზე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის საქმეს ეხმაურება. გვენეტაძის თქმით, საზოგადოების კითხვები არის მნიშვნელოვანი და ეს კითხვები პასუხს მოითხოვს.

 

"ჩვენ სასამართლო სისტემაში ინსტანციურობის დონეები ზუსტად იმ მიმართულებებით გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლებელია. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას და მათ შეფასებას, მათი კითხვები არის მნიშვნელოვანი და ეს კითხვები მოითხოვს პასუხებს. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში, შესაძლო გადაცდომების შემთხვევაში, ანგარიშვალდებულების მექანიზმის გამოყენება მათ ხელთაა და ეს მათი უფლებაა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

13 იანვარს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი წევრი და ერთი სამართალდამცავი დანით დაჭრა. ქვლივიძე თბილისის საქლალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტეგები