ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის - ანა ნაცვლიშვილი
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 13:28
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ნაცვლიშვილი მოსამართლეთა კონფერენციას ესწრება.

 

”წარმოუდგენელია ეს ქვეყანა შედგეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ჩვენ არ გვეყოლება დამოუკიდებელი, ძლიერი და ანგარიშვალდებული სასამართლო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და მეც დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ამ ქვეყნის მოქალაქეების სასიკეთოდ.

 

ზოგადად მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა რომ არის მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის გამჭვირვალობის ნაწილი, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოსთვის აუცილებელია საკანონმდებლო ბაზა და რეფორმები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ სფეროში მოღვაწეობდნენ პრინციპული და კომპეტენტური ადამიანები. პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ყოველთვის ცდილობს, რომ ასეთი ადამიანებით გააძლიეროს სასამართლო სისტემა. მხოლოდ კანონი ვერ შექმნის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ტეგები