პროკურატურა პრეზიდენტთან დაპირისპირების შესახებ განმარტებას აკეთებს
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2018 21:35 · 110 ნახვა
პროკურატურა პრეზიდენტთან დაპირისპირების შესახებ განმარტებას აკეთებს

პროკურატურასა და გიორგი მარგველაშვილს შორის წარმოქმნილი კინკლაობის მიზეზის შესახებ, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის მიმართ, გირგვლიანის საქმეზე განაჩენის დადგენას უკავშირდება, საპროკურორო საბჭოს წევრი, ნათია სონღულაშვილი განმარტებებს “ქრონიკასთან“ აკეთებს.

 

“პროკურატურას სააკაშვილისთვის არ წარუდგენია ბრალი შეწყალების აქტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. ბრალი მოიცავდა იმ გარემოებებს, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა  პირებმა, ისე, რომ მათ მიმართ ჯერ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა და საპროცესო ნორმები არ იყო დაწყებული, წინასწარ იცოდნენ, სად და რა პირობებში მოიხდიდნენ სასჯელს, რა ვადით იქნებოდა მათი სასჯელი განსაზღვრული და წინასწარ იცოდნენ, რომ მათ პრეზიდენტი აუცილებლად შეიწყალებდა. ასეთ ვითარებასა და ასეთ მოცემულობაში, ასეთი დაპირების გაცემა, რომელსაც წინ უძღოდა არა ე.წ. ჰუმანური აქტის განხორციელება, არამედ ქმედება, რათა დაფარულიყო კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, დაფარულიყვნენ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას წარმოადგენენ, დაფარული ყოფილიყო კონკრეტული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც უფრო მეტი აღშფოთება არ გამოეწვია საზოგადოებაში, აი ამ გარემოებების უზრუნველსაყოფად პრეზიდენტმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ამ პირებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, წინასწარ დაპირდა მათ იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და აი ამ დაპირების გაცემამ გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს მივიღეთ - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც იგი დამნაშავედ არის ცნობილი და გამოტანილი აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით“, - განმარატავს სონღულაშვილი.

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, შემაშფოთებლად მიიჩნევს პროკურატურის მიერ დევნის საფუძვლად შეწყალების შესახებ უფლების კონსტიტუციური მუხლის გამოყენებას.

 

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით, 3 წლამდე შეუმცირა.

ტეგები