ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს გაიმართება
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 10:13 · 20 ნახვა
 ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს გაიმართება

31 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე.

ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში 2018 წელს ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დაწყებულია. ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსის წევრი სახელმწიფოები აპრილში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეაფასებენ.

ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, რომ ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისთვის და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ყველა მექანიზმი აქვს.

„ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად გამოსაყენებლად. იანვრის ბოლოს დაგეგმილია ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ასე რომ, ჩვენ წელს ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ შესაბამისად მოვემზადოთ ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის.

ვაგრძელებთ მუშაობას და ვქმნით მყარ საფუძველს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები იყოს ადეკვატურად შეფასებული ალიანსის მხრიდან“, – აცხადებს მაისურაძე.

ტეგები