სოსო ქუთათელაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გარდა, თავზე ნახეთქი ჭრილობაც აღენიშნება
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2018 20:38 · 201 ნახვა
სოსო ქუთათელაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გარდა, თავზე ნახეთქი ჭრილობაც აღენიშნება

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, ყოფილ დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გარდა, თავის არეში ნახეთქი ჭრილობაც აღენიშნება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ალექსი კობაიძის განცხადებით, უცნობია, რისგან აქვს მიყენებული გარდაცვლილს აღნიშნული დაზიანება.

„აწ გარდაცვლილს თავზე აქვს ჭრილობა, მაგრამ ეს ჭრილობა რისგან აქვს მიყენებული, ამას ვერ გეტყვით. ასევე, არა მგონია, ექსპერტიზამ უპასუხოს ამ საკითხს, რადგან როგორც წესი, ექსპერტიზას შაბლონური პასუხი ექნება, რომ ბლაგვი საგნით არის ეს დაზიანება მიყენებული, თუმცა კონკრეტულად რითია მიყენებული, ექსპერტიზა მაგას ვერ ადგენს. გარდაცვლილს ექვსი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

კობაიძის თქმით, საქმის გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელსაც ქუთათელაძის ოფისთან ახლოს სავაჭრო დახლი აქვს.

ადვოკატის განცხადებით, მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას სოსო ქუთათელაძის ოფისიდან ხმაური და სროლის ხმა არ გაუგია.

„გამოძიებამ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც გარდაცვლილის სურათებიც იყო, ასევე იყო სხვდასხვა ადამიანების გამოკითხვის ოქმები. გამოკითხულია არაერთი ადამიანი, მათ შორის მნიშვნელოვანი მოწმეც, რომელსაც ქუთათელაძის ოფისთან, დაახლოებით 20 მეტრში აქვს დახლი. ეს ადამიანი ნათლად აღნიშნავს გამოკითხვის ოქმში, რომ თუ რაიმე ხმაური იქნებოდა, ან გასროლა, ის აუცილებლად გაიგებდა.

პრაქტიკულად, მას ამ საათებში, როცა ქუთათელაძეს ესროლეს, არ გაუგია ხმაური და სროლის ხმა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა ვერაფერი გაიგო და ვერაფერი დაინახა. მას რომ რაიმე ხმაური გაეგო, მნიშვნელოვანი გარემოება იქნებოდა. ეს ყველაფერი გვაფექრინებს, რომ შესაძლოა, ქუთათელაძე მაყუჩიანი იარაღით მოეკლათ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, სამწუხაროა, რომ გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე, გიორგი ჭანტურიას მიმართულებით საუბრობს.

კობაიძე მოუწოდებს გამოძიებას ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სხვა ვერსიებიც განიხილოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსიით საუბრობს და სხვა ვერსიაზე არ მუშაობს, თუმცა აქვე დავამატებ, შეიძლება სხვა ვერსიაზეც მუშაობს, მაგრამ იმ ოდენობით და დოზით არა, როგორც გიორგი ჭანტურიას მიმართულებით. მე გამოძიებას მოვუწოდებ, სხვა ვერსიებიც განიხილოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

ტეგები