ქუთათელაძემ მითხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა - ”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 16:48 · 158 ნახვა
ქუთათელაძემ მითხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა - ”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილი

”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, სოსო ქუთათელაძემ  ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.

 

“მე მქონდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ქუთათელაძესთან. თვეში დაახლოებით ერთხელ-ორჯერ ვხვდებოდი ძირითადად ბაზრის საქმეზე. იქ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფლობს ფართს და ამ ფართთან დაკავშირებით თუ დამჭირდებოდა მეხმარებოდა ამაში. ბოლოს როდესაც შევხვდი, რაც მისგან მოვისმინე კონფლიქტი ჰქონდა ჭანტურიასთან. ეს ეხებოდა რაღაც ადგილების დავას. ვიცი, რომ სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით”, – განაცხადა დავით ბლუაშვილმა.

 

მისი თქმით, ქუთათელაძემ მას უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან გააგდო კიდეც.

 

”გამოძიებას აინტერესებდა, თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში”, – განაცხადა ბლუაშვილმა.

 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გაათავისუფლეს.

ტეგები