ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი - სოზარ სუბარი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 17:23
ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი  და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი - სოზარ სუბარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა. 

 

„ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი  და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი. გავიხსენებ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ სიტყვებს და მის მოთხოვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი, რომ მთავრობის თითოეული წევრი უნდა იყოს ომბუდსმენი და ადამიანის უფლებათა დამცველი თავის მიმართულებაში, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

"საქართველოს ჰყავს სახალხო დამცველი, ქვეყანაში არის  ძლიერი უფლებადაცვითი სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა უწყებრივი ინსტიტუტები იყოს ეფექტური. პირველ რიგში, საუბარია იმ უწყებებზე, სადაც პოტენციურად ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი რისკია. მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია და ამას არა აქვს არც სისტემური და არც სისტემატური ხასიათი. თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს შესაძლო დარღვევების პრევენცია ან მომხდარ შემთხვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, ამ დეპარტამენტის შექმნა უაღრესად  დროული გადაწყვეტილებაა. ეს დეპარტამენტი იქნება არა მხოლოდ პრევენციაზე მიმართული, არამედ პოლიტიკის შემუშავებაზეც იქნება პასუხისმგებელი. ამ მხრივაც  ეს  ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

 

რაც შეეხება პოლიციისადმი ნდობას, ნამდვილად  ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის და,  მათ შორის, პოლიციის მიმართ ნდობა არ არსებობს. თუმცა, ცხადია, ყოველი ცალკეული შემთხვევა, რომელიც შეიძლება ამ სისტემაში მოხდეს, იქნება ეს ადამიანის უფლების დარღვევა  თუ  კანონის გადაცდომა, ჩრდილს აყენებს ამ ნდობას. ამიტომაც, ამ დეპარტამენტის  შექმნა  იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ნდობის განმტკიცების გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინსტიტუციურად სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს, გაგრძელდეს რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

ტეგები