ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უმცირესობების ენების შესახებ ისაუბრა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 17:56
ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უმცირესობების ენების შესახებ ისაუბრა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპაში რეგიონული ან უმცირესობების ენების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო გოგუაძემ ისაუბრა.

 

დეპუტატის განცხადებით, რეგიონული ან უმცირესობათა ენები ევროპული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული პოლიტიკა უმცირესობების ენების დაცვის და მათი ეფექტიანად გამოყენების შესახებ.

 

ნინო გოგუაძემ ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონულ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ფორმალური რატიფიკაცია არ მოუხდენია, ქვეყანა ქარტიის პრინციპების უმრავლესობის იმპლემენტაციას წლებია, წარმატებით ახორციელებს.

 

„საქართველოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს უმცირესობების ენების გამოყენების ხელშეწყობას ყველა საჯარო სფეროში, მათ შორის - განათლების და მართლმსაჯულების სისტემებში,  ადმინისტრაციულ ორგანოებში, მედიაში, ასევე კულტურულ და სოციალურ აქტივობებში. ყველა ეს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უმცირესობის ენებზე მოსაუბრე ადამიანების მეტი ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.  - განაცხადა დეპუტატმა.

ტეგები