ბერძენიშვილი მარგოშვილთან ბავშვობიდან მეგობრობს, ჩატაევთან და მაჩალიკაშვილთან კი ურთიერთობა არ ჰქონია - ადვოკატი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 18:27
ბერძენიშვილი მარგოშვილთან ბავშვობიდან მეგობრობს, ჩატაევთან და მაჩალიკაშვილთან კი ურთიერთობა არ ჰქონია - ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ადვოკატი მაია სირაძემ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ სახაზინო ადვოკატის მიერ დღეს გაკეთბული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. 

 

სახაზინო ადვოკატმა დღეს თქვა, რომ ბერძენიშვილს ურთიერთობა ჰქონდა, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილთან, ასევე ახმედ ჩატაევთან.

 

„ხიზრი მარგოშვილთან ანატოლი ბერძენიშვილი 17 წელია მეგობრობს, მათ ჰქონდათ ცხვრის საერთო ბიზნესი. ისინი სხვადასხვა რაიონებში ერთად დადიოდნენ, ყიდულობდნენ ცხვრებს და აბარებდნენ ინვესტორს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ალბათ იცნობდა, თუმცა ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩატაევს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ბრალის წარდგენის შემდგომ აუცილებლად შევხვდები ბერძენიშვილს პირისპირ და ამ და სხვა საკითხებზე აუცილებლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია სირაძემ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თბილისში, გუშინ საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. 

 

”დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ სუს-ში.

ტეგები