მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს - საჯად კარიმი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 20:12
მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს - საჯად კარიმი

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში გაიმართა განხილვა ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე.

 

სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრის მამიკინსი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი. ევროპარლამენტარებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატა საბანაძემ.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მკაფიოდ გამოხატული ლიდერია. მისი თქმით, ქვეყანაში გატარდა მასშტაბური რეფორმები მრავალი მიმართულებით. როგორც საჯად კარიმმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მკვიდრდება.

 

„ქვეყანაში არა მხოლოდ მასშტაბური რეფორმები გატარდა, არამედ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, განხორციელდა მნიშვნელოვანი ძალისხმევა  საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, და ეს ძალიან შთამბეჭდავია. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-5 სხდომა, რომელიც გასული წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა,  კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა გახლდათ, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა  დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები. შეხვედრამ ასევე ცხადყო, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივად მუშაობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ჩვენი ქართველი კოლეგები დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც 2017 წლის მარტში ამოქმედდა. სისტემა დღემდე გამართულად ფუნქციონირებს, ფიქსირდება მხოლოდ  მცირე რაოდენობის დარღვევები. საქართველოს ევროპული ტრაექტორია  გამოვლინდა ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან გამართული კონსულტაციების დროს, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა ყველა საკითხზე ვერ მოხერხდა, ეს ფაქტი მხოლოდ ქართული დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მასზე  ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის ერთი მესამედი მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე გადის, და ჩვენ გვიხარია რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს.“ - განაცხადა საჯად კარიმმა.

ტეგები