ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს - მამიკინსი
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 20:37
ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს - მამიკინსი

სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ანდრის მამიკინსი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი. ევროპარლამენტარებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატა საბანაძემ.

 

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანრდის მამიკინსმა უაღრესად წარმატებულად შეაფასა, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. „საქართველომ მნიშვნელოვანი დინამიკა აჩვენა აქამდე სტანდარტების გაუმჯობესების მხრივ მრავალ სფეროში, როგორიცაა: მართლმსაჯულება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კვლევები და ინოვაციები და ა.შ.“ „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. ამ შეთანხმების შედეგად, გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკა, დახმარება გაეწია 63 ათასი საწარმოს,  შეიქმნა 2450 სამუშაო ადგილი. ევროკავშირის დახმარებით,  საქართველოში გაძლიერდა მმართველობა, შეიქმნა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწია დაახლოებით 140 ათას ადამიანს. შეთანხმების მეშვეობით,  საქართველოში გაუმჯობესდა  სატრანსპორტო და ენერგო უსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა“, - განაცხადა მამიკინსმა სხდომაზე გამოსვლისას.

 

ევროპარლამენტარის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ხელმოწერა ევროკავშირთან   გრძელვადიან პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას  ითვალისწინებს. იგი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პოტენციალის სრულად ასათვისებლად, საჭიროა გაფართოვდეს მისი რეგულირების სფერო და ახლავე დაისახოს ახალი ამბიციური მიზნები. შეთანხმება ევროპის სოციალურ მოდელთან საქართველოს დაახლოების საშუალებას იძლევა და ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის სოციალურ ასპექტებს. მისი თქმით, ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ევროკავშირის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ შესაძლოა ყველაზე ხელშესახები შედეგები გამოიღოს. სოციალურ საკითხებზე ფოკუსირება წარმოადგენს საუკეთესო სტრატეგიას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

 

ევროპარლამენტარის მოსაზრებით ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, „ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს, რომელიც მკაფიოდ ახდენს თავისი ევროპული არჩევანის დემონსტრირებას. მხოლოდ ცხოვრების სტანდარტების  რეალური გაუმჯობესების გზითაა შესაძლებელი საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური განვითრების უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას თითოეული ქართველისთვის  კონკრეტული რეალური ღირებულება გააჩნია“- განაცხადა მამიკინსმა.

ტეგები