კანონის ეს ნორმა არის არაადამიანური - ზოიძე "ბახალას" განაჩენზე
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2018 20:47 · 110 ნახვა
კანონის ეს ნორმა არის არაადამიანური - ზოიძე "ბახალას" განაჩენზე

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენსა და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე “ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ კანონში არის ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია.

 

“იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უმტკიცდება ბრალი, რომ აქვს გარკვეული რაოდენობით აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება ჯიბეში და ამის გამო, ისე, რომ არ უმტკიცდება გაყიდვის, ან გასაღების ფაქტი და ამის გამო ადამიანი მიდის რვა წლით ციხეში, კანონმდებლობის ეს ნორმა, ჩემი აზრით, არის არაადამიანური და სწორედ ამ კუთხით ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა გავაადამიანუროთ ნარკოპოლიტიკა“, - აცხადებს ზოიძე.

 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 

 

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. 

 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც რეჟისორი ბექა ბზიავა და მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ლიდერი, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, წიქარიშვილის სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ტეგები