“მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2018 14:25
“მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

რუთავი 2-ის ჟურნალისტისა და წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი ტელევიზიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა იყო - საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება. 
”კაკოს პირველი პოსტი უკომენტაროდ დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ რ2 ჩემიცაა. (2001-2009) (2012-2018) კი გამოვიდა 14 წელი და ეს ნამდვილად ბევრია, როცა თავად ხარ 38 ის. თან, კაკო არის ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ, წლები მაკავშირებს. უბრალოდ, მეორე განცხადებაში გაკეთებულმა მინიშნებამ, “კარგია ვერავინ თქვაო...” საჭიროდ ჩავთვალე მეც მეთქვა რაღაც.

ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონია კამათი, თან ცხარე. მაშინ როცა რ2-ის წილების გადანაწილება მიდიოდა. საჯარო პოსტიც კი დავდე, როგორ არ ვეთანხმებოდი მათ, (დღეს უკვე წასულ- წამოსულებს), როცა სხვების ქონებას ინაწილებდნენ. იქნებოდნენ ესენი ყარამანიშვილები, თუ ქიბარ ხალვაში.
მაშინ ძალიან ცოტამ გაბედა ნიკასთვის იმის თქმა, რომ იდეა არ იყო სწორი. პირიქით, არწმუნებდნენ, რომ სხვების ქონებაზე დაპატრონება ერთადერთი სწორი გზა იყო. ჩავარდა ეს გეგმა და სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ %ებს აქტიურად იწერდნენ? თორემ დღეს, ვინც არხზე დავრჩით, თითქმის ყველამ უარი ვთქვით “წილებზე”. ამდენი რატომ ვწერე, ნიკასთან განსხვავებული აზრის დაფიქსირება სულაც არაა პრობლემა.
შეიძლება ნიკა გაღიზიანებდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დააბრალო, ისეთივე არასწორია, როგორც მაშინ, სხვების ქონების გადანაწილება.
ყველაზე მეტად თუ რამე მომწონს ამ უფულო ტელევიზიაში, ჩემი საქმის გარდა, დამოკიდებულებებია ერთმანეთის მიმართ, რაც გვაძლებინებს და მტერს აფიქრებინებს, რომ “გიჟები” ვართ, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. იმედია, კაკოს პოსტი ბოლოა, რომელმაც კიდევ ერთხელ მათქმევინა, “მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა”, – წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

ტეგები