"სახელმწიფოზე ზეგავლენას 200 და 400 ადამიანი ვერ მოახდენს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონში რამე გადამეტებული შევიტანოთ"
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2018 11:58
"სახელმწიფოზე ზეგავლენას 200 და 400 ადამიანი ვერ მოახდენს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონში რამე გადამეტებული შევიტანოთ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოში ნარკოგავრცელება მაქსიმალურად აღკვეთილი იყოს.

 

პირველ არხთან საუბარში ვანო ზარდიაშვილმა ყურადღება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიაზაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საკითხზე როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა და უწყებათშორისი კომისია სამუშაო რეჟიმის აქტიურ ფაზაში არიან შესული და ერთიანი პოზიცია უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი.

 

მისი თქმით, მმართველ გუნდში დეტალური მსჯელობა მიდის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ყველა მუხლთან, ყველა დოზასთან და ყველა სასჯელთან დაკავშირებით.

 

„რაც შეეხება გიორგი გიორგანაშვილის საქმეს და მსგავს საკითხებს, სამართალდამცველებს, პოლიციას, პროკურატურასა და მართლმსაჯულების სისტემას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მომავალშიც იმუშაონ, რათა ჩვენს ქვეყანაში არავის არ მიეცეს საშუალება, თავისი პირადი გამდიდრების მიზნით, სხვისი შვილები მოწამლოს და ნარკოდამოკიდებულები გახადოს. სახელმწიფო მკაცრი იქნება მათ მიმართაც, ვისაც ჰგონია, რომ რადგან გასაღების მუხლი არ აქვს წაყენებული, მას უფლება აქვს, 1500-2000 ადამიანის მოხმარების ნარკოტიკი შეიძლება ჯიბეში ჰქონდეს. ეს სერიოზული რისკია და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ საქართველოში ნარკოგავრცელება მაქსიმალურად აღკვეთილი იყოს“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

 

კანონმდებელი აქციაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეთა მხრიდან აღნიშნა, რომ თუ ნარკოპოლიტიკის შეცვლა არ მოხდება, ქვეყანაში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ დაიწყება.

 

„მსგავსი გამოძახილები იმ დაღუპული ნარკომომხმარებლების ოჯახებს უფრო მკაცრი ექნებათ, ვიდრე გუშინ შეკრებილ 500 ადამიანს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ფართო კონსენსუსითა და საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს. სახელმწიფოსთან მიმართებაში ზეგავლენას ვერც 200 და ვერც 400 ადამიანი ვერ მოახდენს, რომ ამ კანონპროექტში რაიმე სახის გადამეტებული მოსაზრება შევიტანოთ“, – დასძინა ზარდიაშვილმა.

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი პირველი მოსმენით ოპოზიციის მხარდაჭერით დაუჭირა, თუმცა ცვლილებებზე საკანონმდებლო ფორმატში მსჯელობა მას შემდეგ შეწყდა, რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ნარკოპოლიტიკაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა და მოგვიანებით, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და კანონპროექტის განხილვის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

ტეგები