სენატი ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების საქმეზე დაკითხულების ჩანაწერების გამოაქვეყნებას გეგმავს
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2018 13:16
სენატი ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების საქმეზე დაკითხულების ჩანაწერების გამოაქვეყნებას გეგმავს

სენატის იურიდიული კომიტეტი იმ ადამიანების დაკითხვის ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს, ვინც კრემლთან დაახლოებულ იურისტთან შეხვედრის საქმეზე ჩვენება მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩანაწერები რამდენიმე ადამიანთან ერთად, დონალდ ტრამპ უმცროსის ჩვენებასაც, მოიცავს, რომელიც 2016 წლის 9 ივნისს,"ტრამპ თაუერში“, ნატალია ვესელინცკაიას ჰილარი კლინტონზე მაკომპრომიტირებელი მასალების მოსაპოვებლად შეხვდა.

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა საქმეზე დონალდ ტრამპ უმცროსთან, ჯარედ კუშნერთან, პოლ მანაფორტსა და რობ გოლდსტოუნთან ერთად შტატებში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაველაძეც დაკითხა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი 16 მაისს დანიშნა.

აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხასა და ინფორმაციის WikiLeaks-ისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

საქმეზე დაკითხული ადამიანების სრული ჩანაწერების გავრცელების ზუსტი თარიღი სენატის იურიდიულ კომიტეტში არ დაუკონკრეტებიათ. 

ტეგები