ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას, ვისი უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, თუნდაც ერთ მოქალაქეს შეიძლება საფრთხე შეექმნას - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 14:40
ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას, ვისი უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, თუნდაც ერთ მოქალაქეს შეიძლება საფრთხე შეექმნას - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს, რომელთაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს. 

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა- მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის გამოც, 14 ადამიანი დაშავდა. 

კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად, ექიმები დაშავებულ მოქალაქეებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რომლის ხარჯებსაც თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. 

„აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა, რომლის ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. ეს სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევიდა და რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყო.

კალაძის განმარტებით, თბილისის მერიის მიერ, დედაქალაქში არსებული ყველა ობიექტი - ბაღები,სპორტულიკომპლექსები, მეტროსადგურები დეტალურად მოწმდება. 

„სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. წინ ძალიან ბევრი საქმეა - უკვე არსებულის შემოწმება, მონიტორინგი და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღეს დილით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

 

 

 

ტეგები