მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და ხელისუფლების შეთქმულებას გამორიცხავს - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 14:44
მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და ხელისუფლების შეთქმულებას გამორიცხავს - ირაკლი კობახიძე

„თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ,  ამ შემთხვევაში,  მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის.

„გირგვლიანის მკვლელობა და გირგვლიანის საქმე არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. მე სამწუხაროდ არ ვიცნობ იმ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა ჩემი კოლეგების მიერ. თუმცა, თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, საუბარია ხელისუფლების შეთქმულებაზე ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ. საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც მოაწყო წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ და საბჭოთა გადმონაშთი არის ის, რასაც აკეთებენ ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად. ეს არის ნამდვილად საბჭოთა გადმონაშთი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ნებისმიერი ინიციატივას, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და ხელისუფლების შეთქმულებას გამორიცხავს.

„ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ცოტა ხნის წინ. ეს გამოსვლა დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს და მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის, ასე ვთქვათ, წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც ვიხილეთ ჩვენ მანამდე, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ეს იყო ამის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც მოხდა  თავის დროზე  გირგვლიანის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ართი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ტეგები