"შავ სიაში" ჰყავდათ კომპანია, რომელმაც მეტრო „ვარკეთილი" გაარემონტა - ალეკო ელისაშვილი
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 15:08
"შავ სიაში" ჰყავდათ კომპანია, რომელმაც მეტრო „ვარკეთილი" გაარემონტა - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით,  ვარკეთილის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია საგადასახადოს სამსახურს "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

 

ელისაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ის თბილისის მაშინდელ მერს აფრთხილებდა.

"ამის შესახებ მე ვაფრთხილებდი ნარმანიას პირადად, საკრებულოშიც. ამასთან დაკავშირებით მომზადდა დიდი რეპორტაჟიც. მაშინ საკრებულოში ვთქვი, რომ საეჭვო კომპანიას მისცეს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიას, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა. მას „ყვარელმშენი“ ჰქვია. სულ დაჯარიმებული იყო ეს კომპანია, პირობების შეუსრულებლობის გამო; შავ სიაში ჰყავდა საგადასახადოს შეყვანილი და მას მისცეს 400 000-ლარიანი ტენდერი.სინამდვილეში ჭერი საერთოდ არ იყო შესაცვლელი. იქ არის ბეტონის ჭერი, და არ იყო საჭირო პლასტიკატის აკვრა. შესაბამისად, ეს სამუშაო იყო ამაო. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს, რომ თითქოს მე ჩასაფრებული ვიყავი, რომ თითქოს არაფერი არ მომწონს. ნიშნის მოგებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როცა ადამიანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება საქმე, როგორ შეიძლება ხმამაღლა არ ილაპარაკო. მაშინ რომ ყური შეებერტყათ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე პირადად ნარმანია არის პასუხისმგებელი. იმას ვერ იტყვის, რომ არ იცოდა, ამაზე პირადად მე ავტეხე ყვრილი. საკრებულოს სხდომის ოქმები შეგიძლიათ ნახოთ", - აღნიშნა ალექსანდრევ ელისაშვილმა. 

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველია. 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და  ფაქტს რეაგირება მოჰყვება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ტეგები