დამნაშავეების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისად დაისჯებიან - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 15:50
დამნაშავეების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისად დაისჯებიან - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.  ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და მას შემდეგ, რაც დამნაშავეები გამოვლინდებიან, შესაბამისად დაისჯებიან.

“თუ დადასტურდა, რომ ჭერის ჩამონგრევა სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უკავშირდება, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ტეგები