საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი: მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2018 18:54
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი: მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა.

დიალოგის თემას საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები წარმოადგენდა.

პარლამენტის წევრებმა, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ის, ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წარმომადგენლებმა საშუალო და მცირე ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა კონკურენტუნარიანობისა და კონკურენციასთან დაკავშირებულ აქტუალურ მიმართულებებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების გზებზე და განვითარების პერსპექტივების შესახებ კანონმდებლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მსჯელობდნენ.

ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA)გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლოურენს ლიმ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართ ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის (DCFTA) მოთხოვნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტული უნდა იყოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. „ძალიან კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა სტატისტიკის სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას დაემთხვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ეს ერთ-ერთი სამაგალითო ეკონომიკური ზრდაა და ძალიან პროგრესულია ის წინა წლებთან, წინა მონაცემებთან შედარებით. მაგრამ ყველასათვის გასაგებია დღეს, რომ ამ ეკონომიკური ზრდის მთავარი ეფექტი იქნება მაშინ, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იგრძნობს ჩართულობას და კონკრეტულ სარგებელს ამ ეკონომიკური ზრდისაგან. ცხადია, ამ სეგმენტში ჩვენ გვაქვს გამოწვევები და გამოწვევები გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მცირეა ხელმისაწვდომობა როგორც ფინანსურ რესურსებთან, ისე განათლებასთან და შესაბამისად, ვერ დგება ის მომენტი, რომ მათი ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩვენ მიერ ძალიან დადებითად შეფასებული ეკონომიკური ზრდის პროცესში. მათი მონაწილეობა, მათი ხვედრითი წილი უნდა იყოს გაცილებით მნიშვნელოვანი. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა იმისათვის, რომ ეს შედეგი დადგეს, ამას ეხება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა“, განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ USAID-ის პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ორგანიზებით გაიმართა.

ტეგები