საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 19:27
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის

პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსების ხარჯვის კანონიერების შესწავლას იწყებს.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის ერთი ნაწილი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებას ეხება, შემოწმების შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა.

უფრო კონკრეტულად აუდიტმა გაარკვია, რომ 2015-2016 წლებში მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელფასები მილიონ 200 ათასი ლარით გაზარდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარს უხდიდნენ. აღნიშნულმა თანხამ 12 ათას 800 ლარი შეადგინა.

„ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მასალები მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი, სადაც დავინახეთ შესაძლო დანაშაულის ნიშნები,“- აღნიშნა თორნიკე შერმადინმა.

ბორდის წევრმა, ქეთევან მსხილაძემ „კურიერს“ დაუდასტურა, რომ პირი, რომელიც ჰონორარს იღებდა, ლელა გაფრინდაშვილია.

"ბორდის წევრს, რომელსაც დაუმთავრდა ვადა და იცოდა, რომ უმთავრდებოდა ვადა, ეს ბორდის წევრი რაღაც საკითხზე მუშაობდა და ზოგადად ითქვა საუბრებში, სამუშაო შეხვედრებზე, რომ შეიძება ამ საკითხზე გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ ეს ითქვა ზოგად ფრაზად. ეს იყო ბუღალტრის შეცდომა ცხადია ადამიანური შეცდომა, რაღაც გამოეპარა. ეს ბორდის წევრი თურმე იღებდა ამ ხელფასს...ლელა გაფრინდაშვილი იყო. მიკვირს ასეთი რაღაცა რატომ დაუშვა" - აცხადებს ბორიდს წევრი ქეთევან მსხილაძე.

ტეგები