"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ზედმეტ ჰონორარს შეცდომით იღებდა"
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2018 22:10
"საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ზედმეტ ჰონორარს შეცდომით იღებდა"

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას  შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ “ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა,  საბჭოს ყოფილი წევრის მიერ ჰონორარის მიღება ბუღალტრული შეცდომაა.

“ეს არის ბუღალტრული შეცდომა, როდესაც ბორდის წევრები შეიცვალნენ, როტაციის დროს, სიიდან ამ ადამიანის მონაცემების ამოღება არ მოხდა, შესაბამისად, მას ჰონორარი ერიცხებოდა.  იმ დროისთვის საზოგადოებრივ საბჭოებთან დებულების შემუშავების პროცესი გვქონდა დაწყებული, ეს ადამიანი კი ამ თემებზე მუშაობდა. იმის შემდეგ, რაც მას ეს თანხა დაერიცხა, იფიქრა, რომ ეს პროექტი დაიწყო და ანგარიშიც მოამზადა. სამართლებრივად, ხელშეკრულება ამ ადამიანთან არ გაგვიფორმებია და უბრალოდ ტრაგიკული შეცდომა და დამთხვევა მოხდა. სურვილი კონტრაქტად იყო აღქმული და ბუღალტერიის მიერ დაშვებული შეცდომა – კონტრაქტის დასაწყისად”, – განაცხადა გოგელიამ.  


იხილეთ ვრცლად

ტეგები