თბილისის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა - მაია ბითაძე
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2018 17:22 · 32 ნახვა
თბილისის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა -  მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ბოლო დღეების განმავლობაში,მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ თბილისის ზოგიერთ უბანში გარკვეული შესაწამლი ნივთიერების მოყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 

როგორც მერის მოადგილე განმარტავს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი სამ სახური მსგავს ღონისძიებას არ ახორციელებს, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. 

რაც შეეხება საგაზაფხულო საქმიანობას, რომელიც ხე-მცენარეების მოვლას უკავშირდება, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საქმიანობა ჯერ დაწყებული არ არის, მითუფრო, რომ საერთოდ არ გამოიყენება ნივთიერებები,რომელმაც შეიძლება ცოცხალი არსებების მოწამვლა გამოიწვიოს. 

„თბილისის მერია ყველა იმ ადამიანის აქტივობას მიესალმება, რომელიც ქალაქის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების საკითხშია ჩართული. ჩვენ ძალიან ღია ვართ და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს აქტივობას, თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ ცხოველების დახოცვის ფაქტები კვლავ დაფიქსირდა, ნებისმიერ მსურველსა და დაინტერესებულ პირს აქვს უფლება - მერიის ცხელ ხაზს მიმართოს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ „თბილსერვისჯგუფის“ შესაბამისი ბრიგადები გამოიკითხა და არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

„ჩვენ ასევე, გაგებით ვეკიდებით იმ ადამიანების მიერ მოწოდებული ნფორმაციას, რომელთა ცხოველებიც დაიხოცნენ. როგორც ვიცი, უბნების მიხედვით, დაახლოებით, ორ-სამ-ოთხ ფაქტთან არის დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რის შესახებაც, ვფიქრობთ, რომ ექსპერტების დასკვნას უნდა დაველოდოთ. ამასთან, ძალიან მინდა თითოეულ ადამიანს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. 

მისივე განმარტებით, ცხოველების მასობრივი და ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ტეგები