თბილისის მერიამ დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა
ამობეჭდვა · 03 / 02 / 2018 15:59
 თბილისის მერიამ დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. კახა კალაძემ საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ბაგა-ბაღის შენობაში თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს დაავალა, სამშენებლო კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებს დღესვე შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, შპს „გიკო“ დამატებით, ორი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რის გამოც, სამუშაოები დროებით შეჩერდება.

„აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები არსებობს. უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს, რომ დღესვე დაიბარონ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც სამუშაოები განახორციელა და შესაბამისი პასუხი მოსთხოვონ. შეუძლებელია, თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ხარისხს, რაც გვაქვს მიღებული. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატარებს ეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშენებლობებთან დაკავშირებით, ძალიან უკომპრომისო ვიქნებით და მშენებლობის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია „გიკოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მოცულობით ექსპერტიზას ითვალისწინებს, ხარისხის ექსპერტიზა კი, მოთხოვნილი არ არის. შესაბამისად, ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტების მიმართულებით გაფორმდება, ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„როდესაც, კონკრეტული შენობა-ნაგებობის თუ განხორციელებული პროექტის ექსპლუატაცია მოხდება, განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს უნდა დაეთმოს. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. დავიწყებთ ბაღის შენობის ექსპერტიზასა და შესწავლას. ასევე, კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებს დავიბარებთ და შენობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოვთხოვთ. როგორც ვიცი, ის კიდევ ორ ახალ ბაღს აშენებს და მშენებლობები იქაც შეჩერდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, N33 საბავშვო ბაგა-ბაღში ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩატარდება, რომლის დასკვნის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, აღსაზრდელები სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

„ჩვენ დღესვე შევხვდებით მშენებელ კომპანიას, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ არსებული ხარვეზები გამოასწოროს. უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ ექსპერტიზას და როდესაც დავრწმუნდებით, რომ ბავშვების სწავლა უსაფრთხოა და სამუშაოები სააღმზრდელო პროცესს ხელს არ შეუშლის, აღდგენით სამუშაოებს დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 192 000 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გიკო“ აწარმოებდა. 

ტეგები