40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის წითელას აცრა უფასოა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2018 15:23
40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის წითელას აცრა უფასოა

წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან. ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისივე თქმით, აცრის გაკეთება შესაძლებელია ყველა პოლიკლინიკაში, რომელიც იმუნიზაციის პროგრამაშია ჩართული. 

რაც შეეხება აცრის ღირებულებას, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ჰქონიათ შეხება წითელათი დაავადებულ პირთან, მაგრამ სურთ აცრის გაკეთება, ეს პროცედურა 50 ლარი ღირს. 

30 იანვარს არ გადადო-აიცერი! ამ მოწოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.

2017 წლის აგვისტოდან - 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის აჭარაში 86.

შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%.

ტეგები