ლელა გაფრინდაშვილი ზედმეტად დარიცხული ჰონორარის უკან დაბრუნებას არ აპირებს
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 15:20
ლელა გაფრინდაშვილი ზედმეტად დარიცხული ჰონორარის უკან დაბრუნებას არ აპირებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ყოფილ წევრს ლელა გაფრინდაშვილს შეხვდნენ, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ჰონორარი ზედმეტად დაერიცხა.

ლელა გაფრინდაშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში, რაც მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ გამოაქვეყნა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევაზე მუშაობდა და ვარაუდობდა, რომ ეს ჰონორარი სწორედ ამ საქმის გამო ერიცხებოდა.

მისივე თქმით, მან აღნიშნული სამუშაოს შესრულება 2015 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ საბჭოს წევრი იყო, ხოლო როდესაც უფლებამოსილება შეუწყდა, საბჭოს იმდროინდელმა წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მას ამ იდეაზე მუშაობა გაეგრძელებინა. გაფრინდაშვილის თქმით, სამუშაო, რომელიც მან შეასრულა ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მაქსიმალურად მიახლოებას ხალხთან და რეალობასთან.

„ჩემს მიმართ შეკითხვები მოხსნილია, იმიტომ რომ მე ავხსენი ყველაფერი, რა და როგორ იყო, თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს გადმორიცხვა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, იყო სწორედ ჩემი სამუშაოსთვის. მე მათ ვუთხარი, რომ როგორც ამ სამუშაოს დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ, ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგაც ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, მქონდა მიმოწერა, შეკითხვები და ა.შ. უამრავი ადამიანი დაადასტურებს, რომ მე ამ კვლევაზე ვმუშაობდი... ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“, - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ბუღალტერიც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლელა გაფრინდაშვილმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ ზედმეტად მიიღო ჰონორარი. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. 

ტეგები