ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2018 15:57 · 22 ნახვა
ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები გააცნეს.

ორივე სამსახური დედაქალაქში მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საწყისი ეტაპიდან ჩაერთვება. ახალი ნორმების დამკვიდრება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვით სფეროებში, გაუმართლებელ ცვლილებებს გამორიცხავს.

პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. აღნიშნული კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას, სპეციალური ზონალური შეთანხმებისას და მიწის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენისას უნდა შემუშავდეს.

გარემოს დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება. მათ მერიას გამწვანების პროექტები და ესკიზი უნდა წარუდგინონ, რომელიც საჯაროობის გაზრდის მიზნით, სამშენებლო დაფის გვერდით განთავსდება.

კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება.

მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება. 

ტეგები