სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი პაციენტების შეყვანაზე კლინიკებთან გარიგებას უარყოფს
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 13:56
სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი პაციენტების შეყვანაზე კლინიკებთან გარიგებას უარყოფს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაკა გვარამიას განცხადებით, სასწრაფო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების კლინიკებში გადაყვანას მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისი თქმით, კლინიკების ნაწილი პაციენტების რაოდენობის კლებას სასწრაფო დახმარების ცენტრს უკავშირებს, თუმცა, გვარამიას განცხადებით, ეს კლინიკების რაოდენობისა და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

როგორც მაკა გვარამიამ აღნიშნა, კლინიკებს არგუმენტად მხოლოდ აუდიტის დასკვნა მოჰყავთ. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა ზოგადად ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ რჩევებს მოიცავს, აღნიშნული რეკომენდაციები ცენტრისთვის მისაღებია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, რაც, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან დიდი სიცრუე. მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ აუდიტის 2014-2015 წლის დასკვნა, რაც მოიცავს არამხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე რჩევებს, არამედ არის სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ, რომ მათთან ჰოსპიტალიზაცია შემცირდა, მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი, კლინიკების რაოდენობამ იმატა და გაიზარდა კონკურენციაც. აქედან გამომდინარე, ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას კლინიკებში მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით“, – განაცხადა მაკა გვარამიამ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები ხშირად მოითხოვენ, სასწრაფო დახმარებამ პროვაიდერ კლინიკებში გადაიყვანოს.

„ასეთი კლინიკა შეიძლება მოშორებული იყოს პაციენტისგან. ჩვენ პაციენტს ან მის ოჯახის წევრს ვაკეთებინებთ ჩანაწერს ჩვენს ბარათზე, სადაც ის ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას სურს კონკრეტულ კლინიკაში გადასვლა“, – აღნიშნა მაკა გვარამიამ.

ტეგები