ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 14:15
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა - ეკომიგრანტთა -  სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით. მისი ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N144 დადგენილებით შეიქმნა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც მიეცა უფლებამოსილება, გასცეს გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

„კანონპროექტით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილებისათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, გრანტების გაცემა განახორციელოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სააგენტომ, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა“, -განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. მისივე თქმით, სააგენტოს მიერ ეკომიგრანტთა მომსახურება საარსებო წყაროების შექნის მიმართულებით იქნება ეფექტური და ეკომიგრანტებს შეექმნებათ საარსებო წყარო, გაუუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და გაეზრდებათ შემოსავალი. ამასთან, დამატებით სააგენტოს გაუადვილდება არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან, რაც უზრუნველყოფს ეკომიგრანტების ხელმისაწვდომობის გაზრდას საარსებო წყაროებზე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.