ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 15:18
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივლზე სექციაში „პანორამა“ 16 თებერვალს გაიმართება.

ბერლინში გამგზავრებამდე 1 დღით ადრე, 14 თებერვალს, 12:00 საათზე, ფილმის შემქმნელები ეროვნული კინოცენტრში (მის: სანაპიროს ქ. #4) პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი - ლაშა ხალვაში და მსახიობები - გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია დაესწრებიან. 

„ჰორიზონტი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა. იგი ყოფილი ცოლ-ქმრის - ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან. მათ სხვადსხვა მოცემულობა აქვთ, ორივე ფრთხილ და რთულ გზას ირჩევს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ მონაწილეობს. პრესკონფერენციაზე ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე ბერლინალეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, აქტივობების და ყველა იმ სექციის შესახებ ისაუბრებს, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება, 2018 წლის 15-25 თებერვალს გაიმართება.

ტეგები