ხორავას ქუჩის საქმეზე დაცვის მხარე ბრალდებას ექსპერტიზის გამოქვეყნების გაჭიანურებაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 16:14 · 40 ნახვა
ხორავას ქუჩის საქმეზე დაცვის მხარე ბრალდებას ექსპერტიზის გამოქვეყნების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდა. 

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. 

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ექსპერტიზას ბრალდების მხარე განზრახ აჭიანურებს”, - განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მიზანია, დაცვის მხარემ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერ ჩაატაროს და საქმეში უცხოელი ექსპერტები ვერ ჩართოს. საუბარია ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე. 

დღეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კიდევ ერთი პირდაპირი მოწმე იკითხებიან.

დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ახალი ნივთმტკიცებების დასაშვებობის შუამდგომლობითაც მიმართავს.  არასრუწლოვნების საქმის განსახილველად საქალაქო სასამართლოს 6 თვის ვადა აქვს.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ტეგები