საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 16:43
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ფუად მურადოვმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამომავლო თანამშრომლობას, ორმხრივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების გაფორმებამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია, ამოცანები და სამოქმედო გეგმა გააცნო, ასევე ქართული სპორტისა და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციის წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აზერბაიჯანის პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა ქართველ კოლეგებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარება აღუთქვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საფეხბურთო გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი და ქართველი დეპუტატები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.