„ქველმოქმედება აგრესიის ნაცვლად“ - Campus Lions Club Tbilisi-ს ახალი პროექტი ქართულ სკოლებში
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 19:01 · 137 ნახვა
„ქველმოქმედება აგრესიის ნაცვლად“ - Campus Lions Club Tbilisi-ს ახალი პროექტი ქართულ სკოლებში

ქართულ სკოლებში არსებულ პრობლემებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, განსაკუთრებით მწვავედ კი ეს საკითხი, ბოლო პერიოდში, არასრულწლოვნებს შორის გახშირებული დაპირისპირების ფონზე გახდა. მითუმეტეს, რომ არაერთი ასეთი შემთხვევა ძალიან მძიმედ დასრულდა.

საიდან გროვდება ამხელა აგრესია მოზარდებში? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - სკოლას თუ ოჯახს?... რა უნდა გაკეთდეს ამ ახალგაზრდების გადასარჩენად? - ეს და კიდევ უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება მანამ, სანამ... სახელმწიფო და საზოგადოება ერთ მუშტად არ გაერთიანდება.

მანამდე კი საქველმოქმედო ორგანიზაციამ Campus Lions Club Tbilisi გადაწყვიტა სკოლებში არსებული მძიმე ფონის შეცვლაში თავისი წვლილი შეიტანოს. თუ როგორ ამაზე ორგანიზაციის პრეზიდენტი რატი ქირია გვესაუბრება.

Rati Kiria-ს ფოტო.

- რატი, მოგვიყევი ზოგადად ამ ორგანიზაციის შესახებ...

- Campus Lions Club Tbilisi გახლავთ, ამერიკული ორგანიზაციის Lions Clubs International -ის ფილიალი საქართველოში, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი სათაო ოფისი გახლავთ ჩიკაგოში, რომელიც 1917 წლიდან დაარსდა და ორგანიზაცია წელს უკვე 101 წელს აღნიშნავს. ორგანიზაცია თავისი სიდიდით მსოფლიოში ნომერ პირველია, ასევე ბიუჯეტითა და წევრების რაოდენობით.ორგანიზაცია გაეროს ანსაბლეის სრულ უფლებიანი წევრია. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება გახლავთ ქველმოქმედება, თუმცა ამის გარდა გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება მათ შორის განათლების, ჯანდაცვის მიმართულებიც, რასაც ასევე საქართველოში ვახორციელებთ. 

- პროექტის შესახებ გვიამბეთ?
- პროექტი ითვალისწინებსსკოლის ასაკის მოსწავლეების აქტიურ და პირდაპირ ჩართულობას ქველმოქმედებაში, ეს კიჩემი აზრით, სკოლებში არსებული მძიმე სურათის შეცვლას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვსურს ბავშვებს გავუზიაროთ ის, რაც მათ ჩემი აზრით ყოველთვის აკლდათ, ეს არის ის ემოციები, რომელიც გრჩება ქველმოქმედების შემდეგ.

- როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?
- 2018 წელი გვსურდა, ყოფილიყო ახალი ინიციატივებისა და იდეების წელი ჩვენი საზოგადოებისთვის, შესაბამისად დავიწყეთ ამაზე ზრუნვა თუ როგორ შეიძლებოდა სკოლებში არსებული ძალიან მძიმე და ცუდი სურათი შეგვეცვალა. ამიტომ მივმართეთ ჩვენ სათაო ოფისს წერილობით, რომ მოეცა ჩვენთვის დამატებითი უფლება, რომ დაგვეარსებინა მიმართულება, რაც ძალიან პოპულარულია ამერიკაში და სრულიად ევროპაში Alpha Leo Club (ლეო კლუბის) სისტემა.

- რას გულისხმობს ეს მიმართულება?
- ეს გულისხმობს, სკოლის ასაკის მოსწავლეებს (12-18 წლამდე) და მათ აქტიურ და პირდაპირ ჩართულობას ქველმოქმედებაში. ჩვენი ორგანიზაციიდან ეყოლებათ მათ 2 კოორდინატორი, რომელიც მუდმივად ურთიერთობაში იქნებიან სკოლის მოსწავლეებთან და დაეხმარებიან იდეების ორგანიზებაში, ასევე ჩაუტარდებათ ჩვენი მხრიდან სპეციალური ტრენინგები და ადრეული ასაკიდან ისწავლიან მუშაობას, მაგალითად პროექტების წერის კულტურას მის გაგზავნასა და შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება თავისუფალი დრო ქველმოქმედებაში და კეთილ საქმეში დახარჯონ და არასდროს აღმოჩდნენ იმ საშინელ სიტუაციებში, რომელიც ძალიან გახშირდა საქართველოში. რაც შეეხება, პროექტის ფინანსურ ნაწილს, მზა პროექტის გადმოგზავნის შემდეგ ჩვენ მივცემთ მათ რამოდენიმე რეკომენდაციას და შემდგომ მოვახდენთ მათ სრულ დაფინანსებას, მსგავსი სისტემით ბავშვებს ექნებათ სულ სხვა მოტივი და განვითარება ცხოვრებაში.

ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ერთ სკოლაში იქნება მხოლოდ ერთი კლუბი, რომელშიც გაწევრიანების უფლება ასევე იმავე სკოლის მოსწავლეებს ექნებათ მხოლოდ, მათი ოფიციალური გაწევრიანება კი ხდება ჩვენი სისტემით, საიდანაც ბავშვის მონაცემები იგზავნება ამერიკაში და საპასუხოდ თითოეულ ბავშვს უგზავნიან სპეციალურ სერტიფიკატსა და პინს. ასევე კლუბისთვის იგზავნება სპეციალური დროშაკლუბის სახელით, რაც ერთგვარი სიმბოლო იქნება კლუბისთვის.

სრული ტრენინგების გავლის შემდეგ, კლუბში ტარდება არჩევნები, სადაც ოფიციალურად ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება თავიანთი თავი წარმოაჩინონ და არჩევნების საფუძველზე ინიშნება კლუბის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსური მენეჯერი და მდივანი. ყველა მათგანს ენიჭება მხოლოდ 1 წლიანი მანდატი და შესაბამისად ყოველ წელს ტარდება ახალი არჩევნები.

ცოტა უცნაურია ალბათ 12-18 წლის ბავშვებისთვის მსგავსი პოზიციები, თუმცა ეს ყოველივე მათი გონივრული და ფსიქოლოგიური გაზრდისთვის აუცილებელია ისინი გადავლენ უფრო მნიშვნელოვანი ტიპის აზროვნებისკენ, როგორიც არის გუნდურობა, ხელმძღვანელობა, თანადგომა, კიდევ უფრო მეტი მეგობრობა, საქმისადმი სიყვარული, მოტივირება, ეფექტურობა და ასე შემდეგ.

- რა პრინციპით მოხდება სკოლების შერჩევა?
- სკოლების შერჩევა ან მათი ლიმიტირება ჩვენი მხრიდან არ მოხდება და მოხარული ვიქნებით თუ კერძო და სახელმწიფო სკოლები თვითონვე გამოხატავენ ინიციატივას და სურვილს, რომ ჩაერთონ ამ ერთიან სისტემაში. ამ ეტაპზე, სპეციალური ვებგვერდი მზადების პროცესშია, სადაც სკოლები მოახდენენ რეგისტრაციას და კლუბის დაარსების მოთხოვნით ფორმის შევსებას, შემდგომ მოხდება ჩვენი დაკავშირება მათთან და სამუშაო პროცესების დაწყება, სადაც დეტალურად ავუხსნით მათ თუ როგორ ხდება ეს ყოველივე.

- განათლების სამინისტრო რა დოზით იქნება ჩართული აღნიშნულ პროექტში?
- ამ ინიციატივით რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ მივმართოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვფიქრობთ შესაძლებელია ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ერთიან საქმეში.
 

ტეგები