სოფო კილაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 19:45 · 26 ნახვა
სოფო კილაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. სოფო კილაძემ სტუმარს, ასევე, კომიტეტის ინიციატივების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენს კომიტეტს გაერო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დადასტურებაა. გაერო და მისი შესაბამისი ორგანოები წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ადამიანის უფლებათა განვითარების საქმეში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან გაერო სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

„მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  საერთაშორისო კონფერენცია „დღის წესრიგი 2030“, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია გერმანულ ფონდ, GIZ-თან ერთად. დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის,  ამ კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. ​

ტეგები