"თუ ექიმმა წამლის შესაძენად რომელიმე კონკრეტულ აფთიაქზე მიგითითათ, ეს რეკომენდაცია არ მიიღოთ" - სერგეენკო
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 23:39
"თუ ექიმმა წამლის შესაძენად რომელიმე კონკრეტულ აფთიაქზე მიგითითათ, ეს რეკომენდაცია არ მიიღოთ" - სერგეენკო

მინდა, ყველას მივმართო, თუ ექიმმა რომელიმე კონკრეტულ აფთიაქზე მიგითითათ, რათა მედიკამენტი იქ შეიძინოთ, ეს რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ექიმი პაციენტს საჭიროზე მეტი რაოდენობის მედიკამენტს უწერს და მეორე მხრივ, პაციენტს კონკრეტული მითითება ეძლევა, ეს მედიკამენტი სად შეიძინოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ზედმეტი მედიკამენტის გამოწერა დიდი პრობლემაა და ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც თბილისში ორ დღეში უკვე სავალდებულო გახდება, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჩატარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

„რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, ყველა ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულება ვნახოთ და გზამკვლევებს შევადაროთ, რადგან საქართველოში წელიწადში ექიმთან 14 მილიონი ვიზიტი ფიქსირდება და თითო ვიზიტის დროს რამდენიმე მედიკამენტი გამოიწერება, მაგრამ არსებობს სტატისტიკური კანონები, თუ როგორ უნდა შეარჩიო შემთხვევები, რათა კრიტიკული წერტილები ნახო“, – განაცხადა სერგეენკომ. 

ტეგები